პრეზენტაცია კახეთში გაკეთებული უახლესი აღმოჩენის შესახებ. ბედენის კულტურის ყორღანი.

korgani copy

2013 წლის 2 ივლისს, საღამოს 4 საათზე, საქართველოს სიმონ ჯანაშია სახელობის მუზეუმის ფოიეში არსებულ კაფეში გეპატიჟებით საინტერესო პრეზენტაციაზე. პრეზენტაცია წარმოგიდგენთ ლაგოდეხში, სოფელ ჭაბუკიანთან, არსებული ყორღანის გათხრისას გაკეთებული აღმოჩენას. აღმოჩენილი არტეფაქტები და ნივთები ინტერპრეტაციის ფართო საშუალებას იძლევა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ადამიანების სოციალური და ეკონომიური ურთიერთობების, მათი რელიგიის და კულტურის შესახებ.  ამ აღმოჩენის შესახებ დამსწრე საზოგადოებას გაესაუბრება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი ბნ. ზურაბ მახარაძე.

2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ლაგოდეხში წარმოებული გათხრები მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენით დასრულდა. სოფელ ჭაბუკიანთან, ალაზნის ჭალებში გრანდიოზული, მდიდარი არქეოლოგიური მასალის, მათ შორის ოქროს ნივთების შემცველი ყორღანი გაითხარა, რომელიც ადრე ბრინჯაოს ხანას (ძვ.წ. III ათასწლეული) განეკუთვნება.

ექსპედიცია, რომელსაც ო. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი ზურაბ მახარაძე  ხელმძღვანელობდა, სოფელ  ჭაბუკიანთან ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა. გაითხარა დიდი ზომის 2 ყორღანი, მგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობის ანანაურის N 3 ყორღანი გამოდგა, რომელიც გრანდიოზულია თავისი ზომებით – 100მ დიამეტრითა და 12მ სიმაღლით. ასეთი დიდი ყორღანი ოცდაათ წელზე მეტია არ გათხრილა საქართველოში. ყორღანის ყრილი თიხისაა. ზედა მხარეს მას ქვის ჯავშანი იცავდა, რომლის ქვეშაც ხით გადახურული, საკმაოდ მოზრდილი კამერა იყო.  ეს დასაკრძალავი დარბაზი გახლდათ და, შესაბამისად, მისი მთავარი ატრიბუტიც ორი ოთხთვალა დასაკრძალავი ეტლი იყო. როგორც წესი, მგავს სამარხებში ერთი ეტლი იდგა ხოლმე, რომელიც გარდაცვლილ ბელადს ეკუთვნოდა. ჯერჯერობით დაუდგენელია, ანანაურის ყორღანში რატომ იყო ორი დასაკრძალავი ეტლი.

იქვე, კერამიკის და ოქროს ნივთებთან ერთად, აღმოჩნდა ტყავის, ჭილოფის, ქსოვილისაგან დამზადებულ ნივთებიც. მსგავსი მასალა, როგორც წესი, დროს ვერ უძლებს, თუმცა, როგორც ჩანს, დარბაზში ისეთი მიკროკლიმატი შეიქმნა, რომ არა მარტო ნაზი ქსოვილები შემოგვრჩა, არამედ სხვადასხვაგვარი ხილიც კი, მაგალითად, თხილი, წაბლი და ტყის სხვადასხვა ჯიშის კენკრა, რომლებიც კალათებით აქა–იქ იყო ჩადგმული დარბაზში.

ორნამენტირებული ხის ჭურჭელი, ფოჩებიანი ტყავის ჩანთა, ქალკედონის მთლიანი ქვისგან გამოთლილი ბეჭედი, კავკასიაში ყველაზე ადრეული ქარვის მძივები, ხის სავარძელი“. ახლა თითოეულ ნიმუშს ლაბორატორიაში შეისწავლიან. დეტალებიც მხოლოდ კვლევის დასრულების შემდეგ გამოიკვეთება, რაც უთუოდ მნიშვნელოვანი დეტალებით გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას ადრე ბრინჯაოს ხანის შესახებ.

აღნიშნული ყორღანი  ადრე ბრინჯაოს ხანის ბედენის კულტურას განეკუთვნება.

ბრინჯაოს ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული კულტურები

ბრინჯაოს ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე გავცრელებული კულტურების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა ასეთია: მტკვარი–არაქსის (ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარი, ძვ.წ. III ათასწლეულის პირვლი ნახევარი), ბედენის (ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარი) და თრიალეთური (ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი).

მტკვარ–არაქსის კულტურის ნამოსახლარები მრავლადაა აღმოჩენილი მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და მდინარე არაქსს შორის. აღინიშნება რთული არქიტექტურული გადაწყვეტები და დიდ ფართობზე განლაგებული მჭიდრო დასახლებები. სახეზეა საზოგადოება, რომელიც მისდევდა მიწათმოქმედებასა (ძირითადად მარცვლოვანი კულტურები) და მესაქონლეობას, ჰქონდა შინა–საოჯახო ფეიქრობა, კარგად ერკვეოდა მეტალურგიაში და გააჩნდა რელიგია (ნამოსახლარებში შემაღლებულ ადგილებზე ტარდებოდა საკულტო მნიშვნელობის მსხვერპლთშეწირვის რიტუალები).  იმდროინდელი საცხოვრებელი სახლების შესწავლა ადასტურებს, რომ ქართულ კულტურაში შემონახული დედა–ბოძი მტკვარ–არაქსული კულტურის ნაწილია. სახლები თავიდან იყვნენ მრგვალი და ოვალური ფორმისა, გუმბათით საიდანად ჩამოდიოდა სინათლე, მაგრამ ეს არქიტექტურული გადაწყვეტა  შემდგომში სწორკუთხა სახლით შეიცვალა. ცნობილია მტკვარ–არაქსული კულტურის შემდეგი ნამოსახლარები: ხიზანაანთ გორის ნამოსახლარი,  ქვაცხელის ნამოსახლარი, ამირანის გორის ნამოსახლარი, გუდაბარტყას ნამოსახლარი.  ეს ნამოსახლარები თარიღდება ძვ. წ. მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრით და მესამე ათასწლეულის პირველი ნახევრით. ფაქტიურად ათასი წლით…

მტკვარ–არაქსის კულტურა 1930–იან წლებში ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს. იგი მდინარე მტკვარის და არაქსის შუამდინარეთში იყო გავრცელებული და მოგვიანებით კიდეც გასცდა აღნიშნული შუამდინარეთის ფარგლებს. მას ზოგიერთი მკვლევარი ამიერკავკასიის ადგილობრივ კულტურად მოაზრებს, ზოგიერთიც კი – მესოპოტამიელი ტომის – ურუქელების, იმპროტად თვლის, რომლებმაც ბრინჯაოს დამუშავების ტექნოლოგია შემოიტანეს კავკასიის ტერიტორიაზე. „საქართველოს ტერიტორიაზე ხსენებული კულტურების აყვავება მოყვა ძვ.წ. V ათასწლეულის დასასრულს და IV ათასწლეულში შუამდინარეთიდან ლტოლვილ ურუკელ მიგრანტთა დიდი ტალღას, რომელმაც მთლიანად დაფარა მთელი კავკასია„.

ბედენის კულტურა, რომელსაც სოფელ ჭაბუკიანის N3 ყორღანი განეკუთვნება, ბრინჯაოს ხანაში საქართველოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებულ კულტურებს შორის ერთ–ერთია. ბედენის მასალებს უკავიათ შუალედი ქრონოლოგიური ადგილი “მტკვარ – არაქსისა” და თრიალეთის კულტურებს შორის. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ბედენის კულტურა ერთმანეთთან აკავშირებს მტკვარ–არაქსის და თრიალეთურ კულტურებს და მიუთითებს ეთნო-კულტურული განვითარების უწყვეტობაზე ბრინჯაოს ხანის ამიერკავკასიაში. ხოლო ზოგიერთი პირიქით განაცხადებს, რომ  „ბედენური კულტურის გენეტიკურ კავშირი, როგორც მტკვარ-არაქსულ, ისე მისი მომდევნო ხანის თრიალეთურ კულტურასთან უაღრესად პრობლემატურია და მრავალ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, რადგან არსებული მასალების მიხედვით ეს კავშირი, ჯერჯერობით მაინც, სრულიად უნდა გამოირიცხოს“.

ბედენის კულტურას სახელი დაერქვა მეოცე საუკუნის 50–იან 60–იან წლებში ბედენის ზეგანზე გაკეთებული აღმოჩენილი  ყორღანების გამო, რომლებიც გაითხარა ბედენის ზეგანზე არსებული მრავალი ხელოვნური გორის არქეოლოგიური შესწავლის დროს.ბედენი ანუ, ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ბენდერი, ხრამ-ალგეთის წყალგამყოფი ზეგანია თეთრიწყაროს რაიონში, რომელიც ზღვის დონიდან 1700-1950 მ.–ზე მდებარეობს.

1970–იან წლებში აღმოჩენლი იქნა ბედენური კულტურის მეორე კერა ალაზნის ველზე შიო დედაბრიშვილის მიერ. იქ აღმოჩენილი დიდი ყორღანები დიდი სიმდიდრით გამოირჩევა.

ყორღანებში მიკვლეული ბედენის კულტურის ზოგიერთი ხელოვნების ნიმუში დღესაც კი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითისთვის, წნორის ტერიტორიაზე გათხრილ ყორღანში (ალაზნის ველზე), რომელიც ბედენურ კულტურას მიეკუთვნება, მიკვლეულია ცნობილი ოქროს ლომის ფიგურა (შუა ბრინჯაოს ხანა ძვ, წ, III ათასწლეულის დასასრული), რომელიც დღეს საქართველოს ბანკის ემბლემას წარმოადგენს

oqros lomi

ეს ყორღანი წარმოადგენს ერთ–ერთი  ბელადის განსასვენებელს, სადაც იგი დასაფლავებულია მისთვის შეწირულ ქალთან ერთად.

მტკვარ–არაქსულისაგან განსხვავებით, ბედენის კულტურის ისევე როგორც თრიალეთური კულტურის ძეგლები ძირითადად ყორღანების  (გორასამარხების) სახით არის წარმოდგენილი. (ბედენის კულტურის ნამოსახლარები, თრიალეთურისგან განსხვავებით, მიკვლეულია და შესწავლილია ისეთ ადგილსაპოვრებში როგორებიცაა: ბერიკლდეები ქარელის რაიონში, ნაცარგორა ხაშურში, ციხეგორა, კასპის რაიონში).

თრიალეთური კულურის  ნამოსახლარების გარშემო არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები. მაგალითისთვის, არის მოსაზრება რომ ეს კულტურა კავშირშია ე.წ. „ციკლოპურ“ ნამოსახლარებთან, რომლებშიც უზარმაზარ ლოდებით დუღაბის გარეშე აშენებული ნაგებობებია წარმოდგენილი. მათი არეალი (თრიალეთი, მესხეთ–ჯავახეთი) თითქოსდა ემთხვევა თრიალეთური და ბედენის კულტურის გავრცელებას. ასევე დიდ ინტერესს იწვევს კახეთში, ალაზნის ველზე, მთელი წყება მრავალფენიანი ნამოსახლარებისა, რომლებიც შუაბრინჯაოს ხანის ნაშთებსაც შეიცავენ.

მიუხედავად ადამიანთა ყოფის ასახველი არქეოლოგიური აღმოჩენების სიმწირისა, ყორღანები ნათელ  წარმოდგენას გვიქმნის ბედენისა და თრიალეთის კულტურის ადამიანების სოციო–ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კულტურულ–რელიგიურ ღირებულებებზე. ამის მიზეზი ისაა, რომ ყორღანი წარმოადგენს ამქვეყნიური ცხოვრების იმქვეყნიურ პორექციას, რომელშიც ადამიანებს უქმნიდნენ სიცოცხლეში საარსებო პირობებს მიმსგავსებულ გარემოს. ეს განსაკუთრებით სწორია მდიდარი მიცვალებულების შემთხვევაში, რომლებსაც საფლავში ატანდნენ დიდძალ სანოვაგეს, სიმდიდრეს, ცხოველებს და იძულებით მოკვდინებულ მონებსაც კი.

ბედენისა და თრიალეთის კულტურაში დაიკვირვება სიმდიდრის დაგროვების ტენდენცია და შესაბამისი კლასობრივი განშრევება. თრიალეთური კულტურის დროს მესაქონლეობის პრიმატმა გამოიწვია კლასობრივი დიფერენციაციის გაძლიერება, რაც აისახება მდიდრულ ყორღნებშიც, სადაც თემის ბელადები იმქვეყნიურ სამყაროში სამოზაურო ეტლებზე მოთავსებულნი განისვენებენ დიდძალ საუნჯესა და შეწირულ მონებთან ერთად. დაბალი კლასის ადამიანების ყორღნები ან ნაკლებად მდიდრულია ან საერთოდაც ღარიბები საერთო–საძმო ყორღნებში არიან დასაფლავებულნი.

მტკვარ–არაქსული კულტურა სახვითი ხელოვნების თვალსაზრისით მოკრძალებული და ძუნწია. მასში ნაკლებად მოიპოვება ძვირფასი ლითონების ნაკეთობები. იგივე ითქმის ბედენის კულტურაზე, რომელიც იმეორებს მტკვარ–არაქსული კერამიკის და სახვითი ხელოვნების ფორმებს. თრიალეთური კულტურა კი გამოირჩევა საოცრად მდიდარი გემოვნებით, ძვირფასი ლითონებისა და ქვების გამოყენებით. თრიალეთურ კულტურას ეკუთვნის ცნობილი თრიალეთის ოქროს და ვერცხლის თასები (გვიანი ბრინჯაოს ხანა ძვ, წ, II ათასწლეულის დასაწყისი).

trialetis oqros tasi

განსაკუთრებით საინტერესოა თრიალეთის ვერცხლის თასი და მასზე გამოსახული ფიგურები: მგლის თუ მელიის კუდებიანი ადამიანების პროცესია, რომელიც მიემართება უზურგო სკამზე მჯდომი კერპისაკენ. ეს სურათი ხურიტული– ხეთური კულტურისათვის დამახასიათებელი საკულტო რიტუალების მსგავსია და ხეთური სიცოცხლისა და მარადიული განახლების, სიკვდილ–სიცოცხლის ბრუნვის ღვთაების – ტელეფინუსის თაყვანისცემას უნდა გამოხატავდეს (რომელსაც უკავშირდება სვანეთში შემორჩენილი ტულეპია–მელიის კულტი). რიტუალები „ცხოველური ხალხის“ ( მგლის, ლომის, მელის, ძაღლის ხალხის) მონაწილეობით აღწერილია ხეთურ ტექსტებში.

trialetis vercxlis tasi

ინტერნეტზე საკითხავი მასალა:

1. გ.გობეჯიშვილი – ბედენის აკლდამა

http://saunje.ge/index.php?id=1268&lang=ka

2. სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო–კულტუროგენეზის საკითხისათვის

http://kartvelologi.tsu.ge/index.php/ge/journal/inner/37

3. თრიალეთის კულტურა

http://burusi.wordpress.com/2009/07/21/trialeti-culture/

Advertisements

One thought on “პრეზენტაცია კახეთში გაკეთებული უახლესი აღმოჩენის შესახებ. ბედენის კულტურის ყორღანი.

  1. მთავარია რას მოგვცემს დ.ნ.მ–ის გამოკვლევა, ანუ რა წარმოშობის ხალხი იყო აღნიშნული კულტურის მატარებელი . ყორღანული კულტურების უმრავლესობა R1 a–ს მიეკუთვნება ….მიდის თუ არა მუშაობა ამ კუთხით აი რა მაინტერესებს .ვინ იყვნენ ისინი ? არიელები? (R1 a )პროტოინდოევროპელები?(R1 b) თუ აბორიგენები (G ) ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s